четверг, 13 января 2011 г.

'...საქართველოს შვილები ვართ''

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრთხილად, ბავშვებია!"-ს საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ ქალბატონმა რიტა დოლიძემ (პრეზიდენტი) გვაცნობა - "ფრთხილად, ბავშვებია!" აგვისტოს ომის გამოძახილია, ანუ ორგანიზაციის პრიორიტეტი ომისგან დაზარალებული მოზარდების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე ზრუნვაა. ჩვენ უკვე გაგაცანით ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი პროექტი "ბავშვობა საზღვრებს გარეშე", რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა შვილებისა და დევნილი ბავშვების (12-18 წელი) ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე ზრუნვას. პროექტი უკვე ერთი წელია ხორციელდება და ვგონებ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, ის ღონისძიება, რომელიც ბაკურიანში ჩაატარეს "ფრთხილად, ბავშვებია!"-ს მესვეურებმა. მაშ ასე, წავიკითხოთ, რას გვწერს ქალბატონი რიტა დოლიძე ამ ღონისძიების შესახებ:

"ამა წლის მარტის თვეში, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაკურიანში სამდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩაატარა, სახელწოდებით: "ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ". სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული მეომრების შვილებმა (12-18 წელი) და ბაკურიანის სკოლის მოსწავლეებმა (იგივე ასაკობრივი კატეგორია). ბაკურიანში ჩატარებული ტრენინგ-სემინარი გახლავთ პირველი ეტაპი პროექტისა "დემოკრატიის ბავშვთა უნივერსიტეტი" და წარმოადგენს ტოლერანტობის სახელოსნოს კარის გასაღებს, დარღვეული ეთნიკური პოლიფონიის მოზარდებში დისბალანსის აღდგენის მცდელობას.
ტრენინგში მონაწილე მოზარდებმა სხვადასხვა სავარჯიშოს, დისკუსიისა და აქტიობის გამოყენებით, ერთი დღე ზამთრის ეკოლოგიურ ზღაპარში გაატარეს, რაც მათთვის ჩვენი დედაბუნებისადმი სიყვარულის ჩანერგვის მცდელობა იყო, ბავშვებმა ქართული კლასიკური ლიტერატურიდან ამონარიდები თავისებურად "დაამუშავეს" და ამგვარი სახალისო ფორმით შეიცნეს, რომ მშობლიური ენა მათგან მეტად საპასუხისმგებლო მოპყრობას ითხოვს. გარდა ამისა, გაიმართა საუბარი ინტერნეტის შესაძლებლობებისა და მოზარდის მიერ მისი სწორი გამოყენების შესახებ. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მოზარდების მიერ მოწყობილი ნამდვილი სასამართლო - მოსამართლის, პროკურორის, დამცველისა და დაზარალებული ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით. თამბაქოს წევის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის წინააღმდეგ გალაშქრება - ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბება.
ტრენინგის თემათა შორის არ არსებობდა რიგითი უპირატესობა. მოგახსენებთ, რომ ყველა საკითხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთი რგოლის ამოვარდნაც კი ყოველივეს რღვევას გამოიწვევდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრთხილად, ბავშვებია!" მომავალი თაობის სწორი განვითარებისთვის, თავს ვალდებულად თვლის, განიხილოს ეს საკითხები ბავშვებთან ერთად და მიღებული შედეგების საფუძველზე, გარკვეული დასკვნები გამოიტანოს ჩატარებული სამუშაოს აქტუალობასა და მის მართებულობასთან დაკავშირებით.
15 მარტს ბაკურიანის საჯარო სკოლაში ტრენინგ-სემინარის დახურვა და მონაწილეებისათვის სერტიფიკატების საზეიმო გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
ტრენინგ-სემინარის ყველა მონაწილემ პატივი მიაგო ზამთრის ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას... ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი."

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ორგანიზაციის მესვეურთ, ვუსურვებთ მრავალი, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიების ჩატარებას საქართველოს მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.

Комментариев нет:

Отправить комментарий